დღე, როცა გავიზარდე…

ბებო და პაპა მყავდა, მამიკოს მშობლები… დიიიდხანს ძალიან… ტკბილები, 30 წლის ასაკში ისევ 5 წლისად რომ მაგრძნობინებდნენ თავს. მათთან მისული, უკვე მე თვითონ დედა, წყალზე ისევ მათკენ გამირბოდა თვალი – აუუ, ბებო, წყალი მინდა 🙂 და ერთმანეთს ასწრებდნენ!!! ორი ფარატინა მოხუცი! იმ წუთას ვერ ვხვდებოდი, ახლა ვხვდები, ბოროტად ვსარგებლობდი მათი უსაზღვრო სიყვარულით, მაგრამ რა ტკბილი იყო! არ ვნანობ, ალბათ არც არასდროს ვინანებ, ცხოვრების ბოლომდე გამყვება ის უტკბესი შეგრძნება, ისევ ბავშვად რომ მაგრძნობინებდნენ თავს, მე – უკვე თვითონ დედას…

პატარა რომ ვიყავი, ბებოს და პაპას შუაში მეძინა. წესით ათ საათზე უკვე ღრმა ძილში რომ უნდა ვყოფილიყავი (მშობლების აზრით), კომუფლირების წესების მკაცრი დაცვით, თერთმეტის ნახევრისკენ ტორშერის მკრთალ შუქზე პაპას გასაშლელი ალუმინის კიბე ეჭირა ორივე ხელით და მე ამ გზით ოთხკარიანი, უზარმაზარი გარდერობის თავზე მივცოცავდი, იქ მთელი ამუნიცია მქონდა აზიდული ინდიელობანას სათამაშოდ. ბებო საძინებლის კარში იდგა გუშაგის პოსტზე – რომელიმე მშობლის შემთხვევით გამოჩენის პარალელურად საგანგაშო სიგნალი რომ მოეცა, მეც გარდერობის სახურავიდან პირდაპირ ბებო-პაპას ლოგინში მესკუპა და თავი მომემძინარებინა. ამ ინცინდენტის მერე კიბეზე მეორედ ასვლას აღარ ვრისკავდი და ბებო თავისი მოგონილი ზღაპრების მოყოლას იწყებდა. ზღაპრის მთავარი გმირი მისი სამამულო ომში დაკარგული მამა, მიხა პაპა იყო. მეორე და მესამეხარისოვანი გმირები – თანასოფლელები: ჟულა, ტუკა მარო, კოჭლი გიო და სხვანი. გველეშაპის/ბაყბაყდევის როლს სტაბილურად პირსისხლიანი გერმანელი ოფიცერი ან საბჭოთა მოხელე ითავსებდა, მის მშობლებს ყველაფერი რომ ჩამოართვა, კოლმეურნეობას გადასცა თავის დროზე და ოთხი მცირეწლოვანი ბავშვი ბედის ანაბარა დატოვა… ზღაპრის შუაში ეძინებოდა, ჩათვლემდა, მე თვალებდაქაჩულს, ერთი სული მქონდა, გაგრძელება მომესმინა და გამწარებული ვაღვიძებდი, – მერე, ბებო, მერე??? წამსვე შეიფხიზლებდა ხოლმე თავს და აგრძელებდა, სულ სხვა ზღაპარს, სულ სხვა პერსონაჟებით 🙂 ბებო სულ ასეთი მემახსოვრება, ტკბილი, მიამიტი, ცოტა წუწუნა და მუდამ თეფშით მადევარი, ჭამე, ბებო-ს ძახილით… წუწუნა და ძალიან ეჭვიანი, ჩემზე მეტად პაპა გიყვართო 🙂 საწოვარა მიყვარდა ძალიან, მოზრდილ ასაკამდე, მთელი ოჯახი იყო ჩართული ჩემთვის მის წართმევაში, სასეირნოდ წასულები, 11 ნომერ ტრამვაიში ავიდოდით თუ არა, ბებო ეშმაკური სახით ჯიბიდან დააძრობდა დედაჩემის მიერ ნაგავში ათასჯერ გადაგდებულ საწოვარას და საზეიმო ვითარებაში გადმომცემდა ხოლმე 🙂
პაპა ზღაპრებს არ მიყვებოდა – პაპა ისტორიას მიყვებოდა, საქართველოს ისტორიას, ამიტომ 4-5 წლის ასაკში ბევრ სკოლის მოსწავლეზე უკეთ ვიცოდი, რამდენი ყივჩაღი ჩამოასახლა დავით აღმაშენებელმა საქართველოში, დიდგორის ბრძოლა რა სამხედრო ტაქტიკით მოიგო, ცოტნე დადიანმა თაფლი რატომ წაისვა და რუსები როგორ გვღალატობდნენ, როგორც კი შანსი მიეცემოდათ. რომ გავიზარდე უკვე ერთად ვწერდით წიგნებს, რაღაცა ვთარგმნეთ, რაღაცა შევაგროვეთ და ერთად ავკინძეთ, რაღაცას რედაქტირება გავუკეთეთ… რაიონის გაზეთში ყოველ 8 თებერვალს მისი სტატია იბეჭდებოდა – დავით აღმაშენებლის შესახებ. პატარა რომ ვკითხულობდი, სტუდენტობისას – გრამატიკულად ვუსწორებდი, ბოლოს – წერა რომ აღარ შეეძლო, მე ვწერდი და მისი ხელმოწერით ვგზავნიდი რედაქციაში… დავით აღმაშენებელი მისი კუმირი იყო, მთელ გულ-მკერდზე ჰქონდა სვირინგი – მეფის პორტრეტი, მარცხენა ხელის არათითზე 50 გრამიან ოქროს ბეჭედს ატარებდა – აღმაშენებლის პორტრეტის გრავიურით. მისი სიწმინდე იყო, ღმერთკაცი, გადაკვრითაც რომ ეთქვა მასზე აუგი ვინმეს, საშვილიშვილოდ გადაემტერებოდა, ნაკლი არ ჰქონდა მის თვალში ქართველ მეფეს.
პაპასთვის (ორი ბიჭის მამისთვის) მე პირველი ქალიშვილი, სინდისი, ნამუსი და სიწმინდე ვიყავი… სულ მემუქრებოდა, შეეენ რომ ვიღაც ბიჭი შეგიყვააარდეეეებაა… 🙂 მაგრამ თან ლექსს ჩაურთავდა ხოლმე ექსპრომტად – ,,დედაც მიყვარს, მამაც მიყვარს, თავი ყველას მირჩევნია, მაგრამ ვიღაც სხვისი შვილი, მთელ ქვეყანას მირჩევნია”…
ქსე-ში (ქართული საბჭოთა ენციკლოპედია), მე-6 ტომში სტატია იყო, ალბათ მხატვრებზე და 1200px-Jean-Honoré_Fragonard_-_The_Stolen_Kiss.jpg
სულ ამ ნახატს მაჩვენებდა ხოლმე, ერთ დღესაც შენც ასე აკოცნინებ ჩუმად ვიღაც ბიჭსო… არასდროს აღმიქვამდა არამიწიერ არსებად (როგორც ეს წინა თაობის მოსიყვარულე ბებო-პაპებს სჩვევიათ ხოლმე), პირიქით, სულ ცდილობდა რეალობისთვის გამესწორებინა თვალი და მყარად მევლო მიწაზე. საშინელი სმენა ჰქონდა 😀 მაგრამ მუხლზე დამისკუპებდა ხოლმე და სულ ამას ღიღინებდა რატომღაც https://www.youtube.com/watch?v=VCy2gDS9-dM
ყველაფერი მასწავლა, ჭადრაკის თამაშიდან დაწყებული, ,,კალაშნიკოვის” დაშლა-აწყობით დამთავრებული… მაიორი იყო, სამხედრო მოხელე, ავტოსაქმის ოსტატი. მილიტარისტულმა გენებმა ჩემშიც იმძლავრა და მეცხრე კლასის ბოლოს სერიოზულად მქონდა გადაწყვეტილი თავდაცვის აკადემიაში სწავლის გაგრძელება მისი სრული მხარდაჭერით, მაგრამ მშობლებმა გვაჯობეს და მორჩილად, ჰუმანიტარულ კლასში გავაგრძელე სწავლა. იარაღი დღესაც მიყვარს, საჭეზეც ვგიჟდები და რამდენჯერაც მანქანას დავქოქავ, გვერდით სავარძელზე სულ პაპა მელანდება, კმაყოფილი სახით ზის და იღიმის…
იატაკზე გართხმულები ვკითხულობდით ერთად ვეფხისტყაოსანს, მერე ოცი ძმის ამბავს; მეხუთე კლასში ყბაყურა რომ დამემართა, დიუმას ,,გრაფი მონტე-კრისტოს” პირველი ტომი ხმამაღლა წამიკითხა, მერე ვეღარ მოვითმინე და დანარჩენი ორი თავად წავიკითხე, დღემდე, წელიწადი არ გაივლის, რომ ერთხელ მაინც არ გადავიკითხო და ყოველი აბზაცი, სადაც ბაბუა ნუარტიე და მისი შვილიშვილი ვალენტინა ფიგურირებს, მას მახსენებს… ჩვენ თავს ხედავდა სულ ამ ორ პერსონაჟში და ესეც კარმაა ალბათ, სიცოცხლის ბოლო დღეებში ვეღარ ლაპარაკობდა და მართლა მის თვალებში ვკითხულობდი მის სათქმელს… ნუარტიესავით მასაც ჩემი ხელით ვაჭამე რამდენჯერმე და ყოველ ჯერზე ცრემლებით დავასველე მისი სადილი…
17 წლისას შეყვარებული რომ მყავდა, მთელი საგვარეულო ამ ურთიერთობის წინააღმდეგი იყო… მას ვერ გავუბედე, ვერ ვუთხარი, მაგრამ ბებოსგან გაიგო, ჩემს ჩუმად შეხვდა და კაცურად ელაპარაკა, თქვენი სიყვარული დაიცავითო!!! ეს ბეეევრი წლის შემდეგ გავიგე, ის ბიჭი უკვე ჩემი ქმარი რომ გახდა 🙂 დეტალები დღემდე არ ვიცი, საფლავში წაიღო ჩემმა პაპამ…
ახლა გავიაზრე, რამდენიც უნდა ვწერო, სულ მომინდება კურსორის ზემოთ ახტუნება, რაღაცის ჩამატება, იმიტომ, რომ ცხოვრების ყოველ ეტაპზე ჩემ გვერდით იყვნენ, მაშინაც კი ცხრა თვის ორსულს მუცელში ჩემი პაწაწინა გოგონა რომ დამეღუპა, უკვე სახლში დაბრუნებული ვიყავი, სანახავად მოვიდნენ. არ იმჩნევდნენ, არ უნდოდათ ტკივილი განეახლებინათ, ცდილობდნენ სხვა რამეზე ელაპარაკათ, უცებ მოხუცებულმა გულმა ვეღარ მოუთმინა პაპას, გულში ჩამიკრა მოულოდნელად, შენ მოგიკვდი პაპა, ეს შენ რატომ უნდა დაგმართნოდაო და მაშინ ვიტირე ყველაზე ბევრი ჩემს პატარაზე, ბებოსთან და პაპასთან ერთად ვიტირე.
არანორმალური სიყვარულის ისტორია ჰქონდათ, თანასოფლელები იყვნენ, 3 წლის იყო რომ დავინახე და შემიყვარდაო, პაპა გვიყვებოდა ხოლმე. რამდენიმე წლის წინ, ბებოს ძველ ხელჩანთაში მათი წერილები ვიპოვეთ შემთხვევით, ეს ცალკე ისტორიაა, ემილ ზოლას ისტორიებზე ბევრად ტრაგიკული, რომეოსა და ჯულიეტაზე არანაკლებ რომანტიკული და მარკესზე არანაკლებ ცხოვრებისეული. ერთ დღესაც აუცილებლად ავკინძავ და პატარა წიგნად გამოვცემ.
სიცოცხლის ბოლო წუთებამდე ბებოს სახელს ჩურჩულებდა პაპა, მიმიხედეთ, ჩემი სიკვდილის შემდეგ არ დამიჩაგროთო. გარდაცვალებამდე რამდენიმე თვით ადრე აიჩემა, უნდა მოვკვდეო, ძალიან აქტიური ადამიანი იყო, 85 წლისას ექიმმა აუკრძალა კრივის დარბაზში ვარჯიში, 87 წლის ასაკში ოჯახის წევრებმა ვაიძულეთ, ავტოსკოლაში გაკვეთილების ჩატარებაზე ეთქვა უარი და ამან მოუღო ბოლო, გულით, სულით ჰიპერაქტიურს სხეული აღარ ემორჩილებოდა და ამან გაანადგურა. ბოლო დღეებში ტკივილები ჰქონდა, აუტანელი ტკივილები, კედელს ურტყამდა თავს და დაკრძალვის დღეს მისი ოთახი საბოლოოდ რომ დაცარიელდა მისგან, კედელზე ცხიმის ლაქა დარჩა მხოლოდ ამ დარტყმებისგან, საშინელი, ავბედითი ლაქა, ყველაზე გონიერი არსების არარსებობაში გადასვლას რომ მამცნობდა…
ბებოს ალცჰეიმერი ჰქონდა, პაპა რომ გარდაიცვალა მომენტებში მოდიოდა აზრზე და ტიროდა, მაგრამ დავკრძალეთ თუ არა, მისმა გონებამ ერთხელ და სამუდამოდ დაბლოკა ინფორმაცია რომ საყვარელი მეუღლე ცოცხალი აღარ ჰყავდა, სიცოცხლის ბოლომდე დარჩენილი 9 თვე ჯიუტად გვთხოვდა, მოგვეძებნა, შიშობდა, ვაითუ სხვა ქალი გაიცნო და შეუყვარდაო 🙂 9 თვე, ტირილში გატარებული, უმისობით შეშინებული და საწყალი 9 თვე იცოცხლა მხოლოდ ბებომ და 85 წლის ასაკში მასთან გადაინაცვლა იქ, სადღაც, მარადისობაში.
და ზუსტად მაშინ გავიზარდე, რამდენიმე თვის წინ, როცა ვეღარავის დავუძახე ვეღარც პაპა და უკვე ვეღაც ბებო…

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s