Music Rules!

10801992_1597228653832076_7173862486785051663_nრამდენი ხანია ვყოყმანობ, არ მინდოდა ამაზე დაწერა, ზედმეტად ბანალურია, მაგრამ როცა ადამიანი მუსიკით არსებობ, მუსიკით სუნთქავ, სირცხვილია ერთი-ორი სიტყვა აპოლონის სადიდებლადაც რომ არ აღვავლინო, არ მაპატიებს.

ჩემი განსაკუთრებული დამოკიდებულება მუსიკისადმი სულ პატარაობისას (ვიყავი 2, მაქიმუმ 3 წლის) აღმოაჩინა დედამ, ძალიან ცუდად რომ ვხდებოდი, მირთავდა ერთ ძველ რუსულ სიმღერას Игор Скляр – Понедельник (ახლა ზედმეტად შორს ვარ ამ ჟანრისგან, მაგრამ ეს სიმღერა დარჩა ბავშვობის სიტკბოებად და ალოეს წვენად) , რომელიც დღემდე არ ვიცი რატომ, სიგიჟემდე მიყვარდა და მავიწყებდა ცუდად ყოფნას. ეს კონკრეტული მუსიკა მქონდა ამოჩემებული, რომელიც ქართულ ზღაპრებთან ერთად ძველ აუდიო-კასეტაზე ჩამიწერა მამამ და ეს იყო ჩემი ლუმინალი. რომ წამოვიზარდე, გონებიდან გამიქრა მელოდია, სიტყვები, მაგრამ სულ თან მდევდა შეგრძნება, რაც მუსიკის ჩართვისას მეუფლებოდა – რაღაც საოცარი სიმშვიდე, ალბათ მარტო ძალიან მშიერ კუჭზე დანაყრებისას რომ გეუფლება, ან კიდევ როცა ძალიან… თუმცა არ დავწერ ამ შეგრძნებას, ყველამ იცის და თან მუსიკასთან რა მოსატანია…

ყველაზე მაგარი ის შეგრძნებაა, რომელიმე მელოდია კონკრეტულ ადამიანს, კონკრეტულ ცხოვრებისეულ ეპიზოდს რომ მაგონებს, ზუსტად 1-1ში  მახსენებს მთელი თავისი სიცხადით. Santana-ს Maria, Maria ჩემთვის ყოველთვის იქნება სკოლის ბანკეტზე ნაცეკვი გაურკვეველი ლათინო-ამერიკული ცეკვა (90-იანების ჰიტი იყო, ты что!!!) და ჩემი თამამი კლასელი, რომელმაც პირველმა მოუშვა თმა და ასე გრძელთმიანმა ,,გაბედა” და დირექტორის თანდასწრებით მეცეკვა ამ სიმღერაზე 🙂 Lykke Li-ს I follow არის ჩემი პირველი სამსახური თი-ბი-სი ბანკში და ფლეშკით მიტანილი Google Chrome-ში ჩუმად ჩართული (იმიტომ, რომ ინტერნეტი დაბლოკილი გვქონდა)  youtube ^_^

10857766_1581132878774987_9105563016890955509_nმოკლედ, სიმართლე რომ ვთქვა, სხვა არცერთ შეგრძნებას არ გავს, შემიძლია დაახლოებით დავხატო რა არის, აი, თითქოს სხეულში დიდი შტორმის მერე თითოეული უჯრედი, თუ ატომი, თუ ნეირონი, თუ რაცააა, რა მნიშვნელობა აქვს, არეულ-დარეულია, გადაადგილებული, დაფარფატებენ უაზროდ, უმისამართოდ (ბებიამ იცოდა ხოლმე, რას დაბოდიალობ უმარკო კონვერტივითო, ხოდა ზუსტად ასე), გესმის პირველივე აკორდი და ყველაფერი თავის ადგილს უბრუნდება, ლეგოს კონსტრუქციის ელემენტებივით ერგება მუსიკა ჩემ უსწორმასწორო ხასიათს და ავსებს, გლუვს და იდეალურთან მიახლოებულს ხდის. ხანდახან ისეც ხდება ხოლმე, სულ საპირისპირო ეფექტი აქვს მუსიკას, ყირაზე მაყენებს, ყველაზე მიჩქმალულ შეგრძნებებს ამიმღვრევს  ხოლმე. რაღაც ახლას რომ ვნახავ, რამდენიმე ცდა აქვს ნებისმიერ მელოდიას ჩემ ლისტში მოხვდეს – ზოგი პირველივე 5 წამზე მიხტება გონებაში, ვგრძნობ, თმის ძირები როგორ მიდგება ყალყზე, 11822482_1661570444064563_8405999658819668706_n

ეს პირველი იმპულსია, მერე სისხძარღვებს მოყვება, ცუნამივით სტაბილურად, შეუჩერებლად არღვევს სიმშვიდეს და სადღაც მუცელში იყრის თავს, ეს არაა მარტო #პეპლებიმუცელში, ეს რაღაც გაცილებით ძლიერია, ზვირთდება, დუჟებს ყრის, აწყდება ჩემს ორგანიზმს შიგნიდან, გარეთ გამოღწევას ცდილობს და ასეთ დროს ყველაზე მეტად განვიცდი იმას, რომ თავად არ შემიძლია მუსიკის წერა…

არის მუსიკის მეორე კატეგორია, ვუსმენ, ვხვდები რომ მალე ჩემი საყვარელი მუსიკა გახდება, ოღონდაც უნდა დავუმუღამო, ამიტომ გადავახვევ ცოტას, გამოვტოვებ დავუშვათ 20-25 წამს, ეს მომენტი, როგორც წესი, შესავლის კულმინაციაა ხოლმე, თუ კიდევ ვერ დავიჭირე საჭირო იმპულსი, უკვე 1:20 – 1:30 ზე ვახტუნებ კურსორს, ეს ნამდვილი კულმინაციაა საშუალო სიგრძის ტრეკისთვის და თუ ის ისაა და მე მე ვარ, წესით ამ მომენტში უნდა ვიგრძნო…

11695362_1651763775045230_789678506447798714_n ბაც! და ეს უნდა დაინახო უცებ, თვალებით არა, რაღაც სხვა ორგანოთი, რომელსაც ჯერ ზუსტი სახელი ვერ მოვუფიქრე, წარმოსახვა შეიძლებოდა დამეწერა, მაგრამ ეს გაცილებით რეალური შეგრძნებაა საიმისოდ, რომ წარმოსახვა უწოდო…

არის მესამე კატეგორია, მელოდიები, რომლებსაც რაღაც კონკრეტული განწყობა სჭირდება. აი, მაგალითად, ,,დაგრუზულზე” მოსასმენი   წვიმის დროს მომსასმენი მანქანაში მოსასმენი (რომელსაც სხვა დროს შანსი არაა უსმინო)  ალკოჰოლის/ბალახის  ნაზავში მოსასმენი   სამყაროზეგაბრაზებულირომვარ მაშინ მოსასმენი  რაღაცახალირომიწყებაცხოვრებაშიდააცეტებულირომვარშინაგანად ასეთ დროს მოსასმენი, მოკლედ, რომ აღარ გავაგრძელო, ბევრია ასეთი კონკრეტულ განწყობაზე მოსასმენები, მთელ ფლეილისტს აქ ნაღდად ვერ დავატევ…

კიდევ ერთია, არ ვიცი ღირს თუ არა ცალკე გამოყოფა, ესაა სიმღერები, რომლებსაც უსმენ, არ გიჟდები მაშინვე, მარა იმასაც გრძნობ, რომ ხელიდან გასაშვები არაა და სადმე ცალკე კონტეინერში უნდა დალუქო,  საჭირო დროს მოხსნა თავი და შეისუნთქო. reserve playlist ქვია ასეთებს, რამე ახალი შეგრძნებები რომ მჭირდება ხოლმე, მაშინ ვხსნი თავს…

არიან ადამიანებიც, ძალიან ძვირფასები ჩემთვის, რომლებიც ამ საზრდოს არ მაკლებენ. ძირითადად ესენი არიან უცნობები, რომლებიც ნანახიც არ მყავს და სოც ქსელში სტაბილურად მამარაგებენ ლინკებით. ესენი არიან ადამიანები, რომლის გასწვრივ აციმციმებული წითელი არაბული ციფრები წინასწარ მიჩენს რაღაც ახლით ტკბობის მოლოდინს. მრავლობითში ვწერ, თუმცა არის მხოლოდ ერთი, ყველაზე განსაკუთრებული, რომლის გამოგზავნილ ლინკს შემიძლია არც მოვუსმინო და პირდაპირ დავამატო mine ფლეილისტში.

ძალიან დიდი გამომივიდა ეს პოსტი, ბევრისთვის ალბათ უინტერესოც, კიდევ იმდენი რამის დაწერა მინდა, უბრალოდ აზრებსაც ვერ ვალაგებ, ესეც ქაოტურადაა ჩემ თავში მუსიკასავით. ეს არის ის, რაზეც შემიძლია გაუჩერებლად ვილაპარაკო და უპირველეს ყოვლისა, მოვისმინო ❤

ჰოდა, ასეა რა, უსმინეთ, ყველგან, ყოველთვის, ბევრს და კარგს!!!

 

Advertisements

One thought on “Music Rules!

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s