ტყუილი

,,ნუ ეძებთ მათ, რომლებიც არ იტყუებიან – ასეთები არ არსებობენ! ეძებეთ ისეთები, რომლებიც იტყუებიან, მაგრამ არ ღალატობენ – აი, ასეთებთან შეიძლება საქმის დაჭერა.”

(c) ტერი გიბსონი                      pinocchio

ბანალურია, მაგრამ ასეა, ყველა იტყუება. განურჩევლად ასაკის, სქესის,  რელიგიური მრწამსის ან კანის ფერისა. სტატისტიკურად, ადამიანი საშუალოდ 10 წუთიან საუბარში მინიმუმ 3 ტყუილს ამბობს, ხოლო ყოველი ტყუილის შემდეგ, სავარაუდოდ, იგი იყენებს 2-3 ტყუილს, რათა პირველი ტყუილის დაცვა შეძლოს. ხშირად ესაა თავდაცვა, რაიმე არასასიამოვნოს თავიდან არიდების მიზნით. მაგალითად, ალბათ გაცილებით მარტივია, დილით დაგვიანება საცობს, დაშვებულ საბურავს, ან გაფუჭებულ საკეტს დააბრალო და მაქსიმალურად შეამცირო საკუთარი ,,ბრალეულობა”, ვიდრე უბრალოდ აღიარო, რომ წინა ღამეს ფეისბუქის უაზროდ სქროლვაში დაგათენდა და დილით თავი ვერ აწიე, რომელი ნორმალური უფროსი ,,მოეკიდება ამას გაგებით” :)))

სულ სხვაგან წავედი. აღარ დავრწვრილმანდები ყოველდღიურ, ან არასასურველი ნაცნობების ვითომ მოკითხვებზე,  გაპრანჭული ქალების ასაკზე, წონაზე, ტრაბახა მამრების მიერ მონაპოვარი ქალების რაოდენობაზე და ა.შ.

ჩემი პირველი სერიოზული იმედგაცრუება ტყუილთან დაკავშირებით გულივერი იყო, მთელი წიგნი იმ მუღამით წავიკითხე, რომ ოდესმე სადმე მეც გადავაწყდებოდი მინიატურულ ადამიანებს, მინიატურულ სამეფოს და ამ შეგრძნებით წინასწარ ვტკბებოდი. ძალიან პატარა ვიყავი და როგორც კი მამამ შეძლებისდაგვარად გასაგებად ამიხსნა, რომ ეს წმინდად სატირული ნაწარმოები იყო, ინგლისის კოლონიური რეჟიმის, სამეფო კარის, საზოგადოებისა და პოლიტიკური სიტუაციის ცენზურისთვის შეუმჩნევლად გასაკრიტიკებლად დაწერილი. ამან ნაჩქარევი და მცდარი დასკვნა გამომატანინა, თუ წიგნებში ასე იტყუებიან, რაღატომ უნდა წავიკითხო :/ რა თქმა უნდა, მალევე გადამიარა, მაგრამ უკვალოდ არ გამქრალა.

მერე ნელ-ნელა აღმოვაჩინე, რომ თურმე სირაქლემა შიშის გამო სულაც არ მალავს თავს ქვიშაში, რომ თურმე არც ჩინეთის დიდი კედელი ჩანს კოსმოსიდან გადაღებულ ფოტოში, საამისოდ ზედმეტად ვიწროა და ფერიც გადასარევად ეხამება გარემოს, რის გამოც საერთოდ არ გამოირჩევა ლანდშაფტიდან. და არც მეზობლის ქალი მუშაობდა ექთნად ღამის ცვლაში (გამოფენის ბაღთან შევამჩნიე პარიკში  საგულდაგულოდ შენიღბვის მიუხედავად). მოკლედ, ეს  იმედგაცრუებები ყველას ჰქონია ალბათ, ცხელ გულზე იმასაც შევპირებივართ საკუთარ თავს, რომ არასდროს მოვიტყუებით. თუმცა პირველი შესაძლებლობისთანავე ჩვენი ,,ჯემინისთვის” პირზე ხელი აგვიფარებია და დაგვიანების მიზეზად თავდაჯერებულად მოგვიყოლია შეთითხნილი ისტორია მეზობლის ბებიის ძმისშვილის რძლის ავადმყოფ მამიდაშვილზე, რომელსაც სიცოცხლის უკანასკნელ წამებზე მივუსწარით.

“სიმართლე ის არის, რომ აეროპორტები ხედავენ უფრო მეტ გულწრფელ კოცნას, ვიდრე საქორწილო დარბაზები და საავადმყოფოებს ესმით უფრო მეტი ლოცვა, ვიდრე ეკლესიის კედლებს”

ისე ტყუილსაც გააჩნია. სასაცილო და უწყინარ ტყუილებს არა უშავს კიდე. არც ისაა მთლად ტრაგიკული, ვიღაც მსუბუქად რომ გეფლირტავება და მარჯვენა ხელის არათითზე ნამზეურის გარეშე დარჩენილ ე.წ. ,,კალიცოს” აშკარა კვალს რომ შეამჩნევ.   რესტორანში სუფრისკენ ზურგშექცეული, ქვემოთ დახრილი ბაბულიკის ტელეფონში ნათქვამი ხელისგულმოფარებული ფრაზა ,,რა იყო, გოგო, ხო გითხარი, საქმიან შეხვედრაზე ვარ და ცოტა მაგვიანდება, ნუ შე%&%$#, რაა!!!” მაცოფებს და ბაბულიკის თავზე მძიმე გრაფინის მსხვრევის სასიამოვნო სცენით ვტკბები გონებაში. (ცოტა სექსისტური გამომივიდა ახლა ეს, სინამდვილეში გოგოებიც ასევე საძაგლად ვიტყუებით ხანდახან).

“როდესაც ტყუილი მთავრდება, ეს არ ნიშნავს, რომ სიმართლე იწყება. ფრთხილად იყავით: ერთი ტყუილი თავის თავში შეიძლება მეორე ტყუილსაც შეიცავდეს.” 

მინდოდა ახლა, რაიმე დასკვნა გამეკეთებინა, მარა ვერ. ყოველთვის მიჭირს ხოლმე ამდენი ნაბოდიალებისთვის რაღაც ბოლოს მობმა. ერთი ნაღდია, ტყუილი ტეხავს, მსუყე, მძიმე ტყუილი, ბოლომდე რომ განგრევს თქმაც და მოსმენაც. ამაზრზენ ადამიანად გაქცევს, მერე რომ გაიაზრებ და გინდება აბაზანაში გაიქცე, ძალიან ცხელი წყალი მოუშვა და ბევრი საპნით ჩამოირეცხო.

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s